„რესპუბლიკელი" სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემები

„რესპუბლიკელი“ სენატორების ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რითაც ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უკრაინისთვის იმ რაკეტების მიწოდება, რომლებიც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოსაგებად სჭირდება. წერილს ხელს აწერენ სენატორები: ტომ კოტონი, როჯერ ვიკერი, სუზენ კოლინზი და ლინდსი გრეჰემი.

მისი მიხედვით, იარაღის არგაგზავნა „მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს და ადამიანების სიცოცხლის ფასი დაჯდება.“


„მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაგზავნოთ MGM-140 ATACMS-ის სისტემები უკრაინაში. გადადება მხოლოდ კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და გაახანგრძლივებს ამ კონფლიქტს," - აცხადებენ ამერიკელი სენატორები.

მათი შეფასებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, უზრუნველყოს ამ იარაღის მიწოდება საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობებისთვის რაიმე მნიშვნელოვანი რისკის შექმნის გარეშე.


Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.

„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.


ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.

ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.